საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე გამართულ სხდომაზე ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზურაბიშვილის ინტერესების დამცველსა და მის ყოფილ თანაგუნდელს თამარ ჩუგოშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 11:00 საათზე დაიწყო, ძირითადი დრო ირაკლი კობახიძის გამოსვლას მიეძღვნა, რაც ჩუგოშვილმა გააპროტესტა და თავმჯდომარეს ჰკითხა, მათაც თუ ექნებოდათ ამდენი დრო.
"ჩვენც მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ სამი საათის განმავლობაში ვიკითხოთ ლექციები, ვიმეოროთ ერთი და იგივე?" - იკითხა ჩუგოშვილმა, რამაც ირაკლი კობახიძე გააღიზიანა:
"პოლიტიკოსი რომ იყო, კიდე გეპატიება… არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი. საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავი და ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიხარ, სირცხვილია. ღირსების ამბავია ეს ყველაფერი", - მიმართა კობახიძემ ჩუგოშვილს.
ჩუგოშვილს ამ ბრალდებისთვის არ უპასუხია, მხოლოდ თქვა: "ღირსების ამბავია ნამდვილად თქვენი საქციელი".
ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი ქართულ ოცნებაში ერთ წელს, 2016-ში მივიდნენ.